Friday, January 6, 2023

მასწავლებლის სემესტრული ანგარიში

 

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარგალიტა კახაძის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ანგარიში

    სწავლა დავიწყეთ 15 სექტემბერს. მე-5, მე-6, მე-9, მე-10 კლასებს ვასწავლი მშობლიურ ენასა და ლიტერატურას.  ვმუშაობ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და მაქსიმალურად ვცდილობ გავიდეთ შედეგზე.თითოეულ კლასში მუშაობისას ვითვალისწინებდი  მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. მე-5, მე-6 კლასებში ძირითადად წაკითხულის გააზრებაზე ვმუშაობდი. მე-9 კლასის ლიტერატურის წიგნი აგებულია და ტექსტები გადანაწილებულია სტანდარტში მოცემული თავების მიხედვით. ტექსტები საკმაოდ მრავალფეროვანია რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ , რომ ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ორგანული ნაწილია. მე- 9კლასში საჭიროებიდან გამომდინარე განვახორციელეთ სასკოლო პროექტი  ,, ჩემი უფლებები". მე-10 კლასში კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჟანრს, კომპოზიციას, ენობრივ- გამომსახველობით საშუალებებს და კონტექსტს. აღნიშნულ კლასებში პირველ სემესტრში განვახორციელეთ სტანდარტით განსაზღვრული შემაჯამებელი ტესტები და  თითო კომპლექსური დავალება შემდეგ საკითხებზე :

1.       მე-5 კლასი

რჩილ  სულაკაურის მოთხრობაბიჭი და ძაღლისმიხედვით,  მოიფიქრეთ და დაწერეთ ეპიზოდი, რომელშიც გადმოსცემთ, როგორ აღმოჩნდა ნაგაზი ქალაქში. გადაიკითხეთ თქვენი ნამუშევარი მკითხველის თვალით, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.

 

2.      მე-6 კლასი

შეარჩიეთ რომელიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი (კლდე, პირიმზე...) ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან ,,ქუჩი“ და მინიშნებებზე დაყრდნობით, გადმოეცით ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი მისი ხედვის პერსპექტივიდან - ისე, როგორც მოჰყვებოდა ამბავს შერჩეული პერსონაჟი.

 

3.    მე-9 ლასი

 

შეარჩიეთ დავით გურამიშვილის ნაწარმოებიდან ერთ-ერთი ეპიზოდი (მაგ., დატყვევება ან ტყვეობიდან გაპარვა) და მის საფუძველზე შექმენით ნოველა. ნამუშევარი დაასათაურეთ.

წერისას დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები. წერის დასრულების შემდეგ გადაიკითხეთ ნამუშევარი მკითხველის თვალით, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.

 

4.      მე-10 კლასი

,, შუშანიკის წამების“ ტექსტსა და რუბრიკა  ,, გაიფართოვე თვალსაწიერში“ თავმოყრილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერე სინთეზური ესე: ადამიანები, რომლებიც  ერთგულობენ რწმენას, პრინციპს, საკუთარ შეხედულებებს  და სიცოცხლის ფასად  იცავენ მათ- გმირებად ირაცხებიან.

დაეთანხმე ან უარყავი მოცემული მოსაზრება. შენი თვალსაზრისი დაასაბუთე.

 ვთანამშრომლობდი მშობლებთან , რადგანაც სწავლა სწავლების პროცესზე დადებით ზეგავლენას ახდენს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა. განსაკუთრებით დღესდღისობით, რადგანაც კომპლექსური დავაების შესრულება გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავსირებული, ხოლო მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა აუცილებლად გაგვიყვანს სასურველ შედეგზე.

 სემესტრის განმავლობაში საბაზო საფეხურზე ვხელმძღვანელობდი მშობლიური ენისა და ლიტერატურის კლუბს. კლუბის მუშაობას ვაგრძელებთ შემდეგ სემესტრშიც. კლუბის ფარგლებში ძირითადად უცხოური ლიტერატურის გაცნობაზე ვმუშაობთ.

Sunday, December 18, 2022

სასკოლო პროექტში განხორციელებული აქტივობების რეფლექსია

 

                  ავრანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარგალიტა კახაძის, მიერ სასკოლო პროექტში განხორციელებული აქტივობების                       რეფლექსია

   მიუხედავად იმისა რომ, ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულიება ორიენტირებულია, რომ სწავლა -სწავლების პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობდეს, მაინც სასკოლო ცხოვრება წარმოუდგენელია კონფლიქტის გარეშე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც იწვევს კონფლიქტს მოსწავლეებს შორის, განსხვავებული ასაკი, ღირებულებები,მიზნები,სოციალური სტატუსი, ფასეულობები  და სხვა.  ვინაიდანაც ბავშვებს არ აქვ კარგად გამომუშავებული საკუთარი ქცევების მართვის უნარი, აუცილებელია დროული რეაგირება, რათა იგი არ გადაიზარდოს ძალადობაში.

სწავლა სწავლების პროცესი უფრო ეფექტურია თუ ის მიმდინარებს მშვიდობიან გარემოში.

    სკოლა ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველდღე ხდება კონფლიქტი. სასკოლო კონფლიქტები თანამედროვე რეალობაში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა.

            ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს  პრიორიტეტულ თემებს , რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების  ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თემებიდან გამომდინარე ავრანლოს საჯარო სკოლამ განახორციელა შემდეგი პროექტები:

2020-2021წ გარემოს დაცვა;

2021-2022წ კონფლიქტების მართვა;

 კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ენისა და ლიტერატურის კათედრამ 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში  განახორციელა ესეების კონკურსი ,, მშვიდობა იწყება ჩემით“და დაგეგმა შეხვედრა  თემაზე ,, თინეიჯერების პრობლემები“. აღნიშნული  აქტივობების ხელმძღვანელობა საკმაოდ საინტერესო იყო..

 თინეიჯერების პრობლემებზე დაგეგმილი აქტივობის იდეა მომაწოდეს ბავშვებმა, ხოლო მათ დავეხმარე  ორგანიზებასა და სრულყოფაში.

    დაიგეგმა შემდეგი აქტივობა, კერძოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში დალუქული ყუთი იდო სკოლის დერეფანში, აღნიშნულ ყთში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მოეთავსებინა ანონიმური ბარათი, ბარათში მოგვიყვებოდა საკუთარ პრობლემებზე.

 ბარათის გახსნა დავგეგმეთ სააქტო დარბაზში. მოწვეული იყვნენ მასწავლებლები და სურვილისამებრ ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეები. ყუთის გახსნის შემდე  მოწვეული სტუმრებიდან სურვილისამებრ გამოვიდოდა ნებისმიერი, ამოიღებდა ერთ-ერთ ბარათს აღნიშნულ პრობლემას წაუკითხავდა დარბაზს, მისცემდა რაიმე რჩევას, რათქმაუნდა, თუ შეძლებდა, შემდეგ კი- დარბაზი ჩაერთვებოდა ისაუბრებდა აღნიშნულ პრობლემაზე, გამომწვევ მიზეზებზე და შესთავაზებდა მოგვარების გზებს. შეხვედრის დასასრულს ბავშვებს გამზადებული ჰქონდათ ფორმატი, რომელზეც ეხატა ხე. თითოეულ მოსწავლეს შეეძლო აღნიშნულ ხეზე მოეთავსებინა ფერადი წებოვანი ბარათი წარწერით, თუ როგორ სკოლას ისურვებდნენ. 

  უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული შეხვედრა  საკმაოდა საიინტერესო და დროული აღმოჩნდა, რადგან დასახელდე პრობლემები, რომელიც დროულ რეაგირებას ითხოვდა. ბარათის ადრესატებმა მიიღეს საკმაოდ კარგი რჩევები, რომელიც ორიენტირებული იყო სასკოლო  ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

  აღნიშნული აქტივობის შემდეგ , საბაზო საფეხურზე, დაიგეგმა ესეების კონკურსი ,,მშვიდობა იწყება ჩემით“. კონკურსში გაიმარჯვეს მე- 9კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებული ესეები გამოავლინა  სკოლის პედაგოგების მიერ შექმნილმა კომისიამ.

 

   პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს  , ერთი მხრივ მოსწავლეთა ცნობიერების  ამაღლებას პრიორიტეტულ თემებთან მიმართებით და მეორე მხრივ კი  გაუმჯობესდება სასკოლო ცხოვრება.

 



                              გამარჯვებული ესეები



                                             „ მშვიდობა იწყება ჩემით“

„ადრე მე ვამბობდი: „იმედია ყველაფერი შეიცვლება“. შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი საშუალება ყველაფრის შეცვლისა – შევიცვალო მე თვითონ.“

 ჯიმ რონი

                   მშვიდობა ყველაზე მშვენიერი და ყველაზე დაუფასებელია. მის რაობასა და მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ ეფინება ნათელი, როცა იგი ღია დატოვებული ფანჯრიდან ჟანგბადივით გაიძურწება ხოლმე. სიმშვიდე ეს არის ადამიანური მდგომარეობა. ის საკუთარი თავის შეცნობასა და დაფასებაში გვეხმარება, გვეხმარება გავმიჯნოთ გრძნობები და ემოციები. ადამიანებისთვის ბედნიერებასა და უბედურებას შორის გავლებული ზღვარი მასთან ერთად იკეტება პატარა განძის ყუთში, რომლის გასაღები ისევ პიროვნებაში იმალება, მის უნარში ,გაუგოს და პატივი სცეს. ადამიანს გაურკვევლობის ბურუსი დააწვება მხრებზე თავისი მთელი სიმძიმით. სინათლის სხივები კი თან გაიყოლებს ჰორიზონტის ყველა მხარეს. ამ ყველაფრის მიზეზს ჩვენს გარშემომყოფთა თვალებში მათ საქციელებში ვხედავთ. არ გვესმის მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა განვიცდიდეთ ჩვენ ყოველივე ამას, ჩვენს გარშემო კი ხალხი ცხოვრებას განაგრძობდეს, იზრდებოდეს, იღიმებოდეს ან თუნდაც უბრალოდ იყვნენ ბედნიერები. ეს ყოველივე გვაშფოთებს და დაკარგულ სიმშვიდეს, რომელსაც კლდეზე დაკიდებული ხავსივით ვეჭიდებით ხელიდან გვაცლის, ემოციები იკარგება, ფერმკრთალდება, წყდება ძაფები ადამიანსა და პიროვნებას შორის. ჩვენ კი სამშობლოს მოწყვეტილი მტრედივით უიმედონი  ვხდებით. ამ ყოველივეს განაპირობებს პიროვნებებსა და მათ ფასეულობებს შორის არსებული დაპირისპირება, კონფლიქტი. კონფლიქტი ეს არის უთანხმოება, რომელშიც ჩართულია ორი ან მეტი სუბიექტი. სიტუაციის ასეთ განვითარებას ხშირად მოჰყვება სიტყვიერი შეურაცყოფა და ხელჩართული ბრძოლა წესების გარეშე. ეს ყოველივე კი მძიმე დაღს ასვამს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამ მდგომარეობაში ადამიანი კარგავს ყველანაირ კონტროლს საკუთარ თავზე. აფექტის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ კი დანაშაულის შეგრძნების მორევში იძირება. ყოველივე ეს კი, მას საწყისთან, დანაკარგთან აბრუნებს.

      მშვიდობა იწყება ჩემით. მე ვარ ის თეთრი დროშა რომელმაც დასაზავებლად ცაში უნდა იფრიალოს. მე შემიძლია ჩემი სიმშვიდე და პოზიტივი ვირუსად ვაქციო, რომელიც დაავადებს ყველას ჩემს გარშემო მყოფს. ჩემი თვალით დანახული ნარნარა სამყარო შეიძლება ვიღაცისთვის მუზად იქცეს. ადამიანები თვით კონტროლის უნარით ქმნიან ტილოებს, რომელთაც მხოლოდ კი არ უყურებ, არამედ სწავლობ მათგან. როცა ვუყურებ ვიღაცას, რომელთანაც კონფლიქტის წამოწყების უამრავი მიზეზი არსებობს, მე ვიწყებ იმ მიზეზებზე ფიქრს, რომლებიც კომპრომისისკენ მომიწოდებს. რეალურად ჩვენ თვითონვე ვწყვეტთ რაზე ვიფიქროთ მათ მიერ გაცემულ სიკეთესა და თანაგრძნობაზე თუ იმაზე რამდენი ცუდი თვისებაა თავმოყრილი მათში. ვინ იცის იქნებ ეს ყოველივე გამოგონებული იქნა ჩემსმიერ, რათა დამეკმაყოფილებინა ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, ვიყო მართალი. რაც არ უნდა იყოს ცოდნა გამოცდილებას მოაქვს. ჩხუბი და კამათი კი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მთავარი ისაა რამდენის სწავლას შევძლებთ ამ ყველაფრისგან. დავუშვათ ვიღაც შენთვის ზედმეტად სენსიტიურ თემას შეეხო, შენ კარგავ თვითკონტროლს და შეცდომების დაშვების რისკის ქვეშ დგები. რა თქმა უნდა, შეცდომები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ადამიანური ყოფის ეს სიბრძნე არ უნდა იქნეს უმიზნოდ გაფლანგული. უმჯობესია ცოტა ხნით დამშვიდდე გაერკვე რეალურად პრობლემის მიზეზებზე და ეცადო მონახო გზა, რომელიც უთანხმოებაში ჩაბმულ ორივე მხარისთვის სასარგებლო და მისაღები იქნება. ამავე სიტუაციაში შეიძლება გამოყენებული იქნეს კომპრომისი რომელიმე მხარის მიერ, მაგრამ უნდა იყო ობიექტური, შეგეძლოს გასცე და მიიღო კიდეც. ამასთანავე კომპრომისი მეტად დელიკატური საკითხია ვინაიდან იგი არ უნდა იყოს მუდმივად ერთი მხარის მიერ გამოყენებული. კომპრომისსა და ჩაგვრას შორის ზღვარი თოვლის ფიფქივით სათუთია. თუ ხედავ რომ შენი ოპონენტისთვის ეს თემა ზედმეტად ემოციურია გადადგი პირველი ნაბიჯები რაც არ უნდა რთული იყოს ეს, მიეცი მას საშუალება დამშვიდდეს და გაიაზროს ყოველივე შემდეგში კი დაელაპარაკე იმაზე თუ რას გრძნობ, ან რატომ გეწყინა, რატომ გაბრაზდი, მაგრამ ნუ იქნები ეგოისტი და მასაც ჰკითხე, მიიღე მისი განსხვავებული აზრი და პატივი ეცი მას, როგორც პიროვნებას. ის ამას დაინახავს და დააფასებს კიდეც. თუ ამ მეთოდმა არ გაჭრა, ესე იგი ,ოპონენტი მხარე არ აპირებს დათმობას, მან უკვე დაკარგა ჯანსაღი აზრის ქონის უნარი. ასეთ შემთხვევაში კი ქრება ჭეშმარიტება და პროცესის გაგრძელება აზრს კარგავს.

         ხშირად კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იგნორის ხერხს იყენებენ. ეს გამართლებულია მაშინ, თუ ცდილობ არ აჰყვე პროვოკაციას. მისი გამოყენებაა კი მაშინ როცა ვინმე შენს ღირსებას ან ფასეულობებს ეხება და შეურაწყოფს მათ მიუღებელია.  ეს იმოქმედებს თქვენს მომავალ ურთიერთობებზე და მის სიჯანსაღეზე. ამასთანავე თქვენს ფსიქიკაზე და თვითშეფასებაზე.

ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ კინკლაობაში გალიო. შეეცადე თავი აარიდო კონფლიქტს, მაგრამ მუდმივად ეძიე ადგილი ჯანსაღი დისკუსიისთვის.გამოხატე საკუთარი თავი. მოიპოვე თვითკონტროლი. ფართოდ გაახილე თვალები და დაინახე ყველა დეტალი, თუნდაც უმიშვნელო. თუ კონფლიქტს სწორად წარმართავ იგი შეიძლება ახალი ურთიერთობების საწყისად იქცეს

 

           ანთაძე თამუნა

ავრანლოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე



                                მშვიდობა ჩემით იწყება

        მშვიდობა, ეს თითქოსდა რაღაც აბსტრაქტული ცნებაა. წლების, საუკუნეების, ათასწლეულების წინაც კი არსებობდა ეს ცნება და თითქოს ყველა პრივილეგირებული ადამიანი მის დამყარებას ცდილობდა. შემდეგ კი მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ მიაღწევდა ის ამას, ომით თუ ისევ მშვიდობით. საბოლოოდ კი ეს ცნებაც ისეთ მიუღწეველ ოცნებად დარჩა, როგორც ბავშვური, უსუსური და უმანკო ფანტაზიებია.

ისეთივე არსებული სიტყვა, ცნება და რეალობაა კონფლიქტი და ის დღემდე მშვიდობასთან ერთად არსებობს, დღემდე ოცდამეერთე საუკუნეშიც კი. და ჩვენ ვხედავთ რომ არის რაღაცეები რისი მოგვარებაც და წერტილის უეცრად დასმა საკმაოდ რთულია და ეს დღევანდელ რეალობაშიც აისახება. რაც ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, მაგრამ პირველ რიგში ადამიანები და ინდივიდები ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა სახის პრობლემასა თუ კონფლიქტს. მისი მოგვარება კი პირველ რიგში ჩვენი ვალია. შესაძლოა ცოტათი გაუგებარი იყოს თუ რატომ უნდა ვიკისროთ ჩვენ რაღაც პრობლემის ტვირთი, მაგრამ პასუხი თავისთავად მარტივია. რადგან სწორედ ყველა კონფლიქტი რომელიც ჩვენს გარშემო ხდება ავტომატურად ხდება ჩვენი ნაწილი, გვინდა თუ არა ეს. როცა მსგავს პრობლემას ვაწყდებით, თავის არიდება კარგი გამოსავალია თუმცა მაინც ყოვლად დაუშვებელია რადგან ჩვენია ვალია ვმართოთ დავა. ამ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ე.გ. მესამე პირი ვართ, უნდა ვეცადოთ რომ დავიჭიროთ ნეიტრალური პოზიცია, ამით ჩვენ უკეთესად ავწონ დავწონით ყველაფერს და კონკრეტულ პირებს დავეხმარებით ერთმანეთის მოსაზრებების გაზიარებაში, სწორედ ეს არის კონფლიქტის მართვა. მაგრამ არსებობს შემთხვევებიც როცა რომელიმე ჩვენგანი აღმოჩნდება კონფლიქტის ერთერთი წამყვანი პირი, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება დავინახოთ სიტუაცია და შევაფასოთ იგი ყველა კუთხიდან, რათა კარგად გავიაზროთ რაში მართლები და რაში მცდარნი აღმოვჩნდებით. ჩვენი ვალია გავიზიაროთ საპირისპირო შეხედულება ჩავუღრმავდეთ მას, სანამ კონფლიქტი რაიმე უფრო დიდში არ გადაიზრდება. ემოციების, გრძნობების და გონების მართვა მთავარი იარაღია კამათის დროს, ჩვენი ვალი კი არის რომ კარგად გამოვიყენოთ ეს იარაღი და ისე ვმართოთ ნებისმიერი დისკუსია.

კონფლიქტს შესაძლოა დადებითი დატვირთვაც ჰქონდეს. კამათის დროს ჩვენ უნდა ვეცადოთ გონებისა და ემოციების მართვა, ამის მიღწევასაც თუ შევძლებთ, ჩვენი ემოციური ინტელიგენტი სამომავლოდ ძლიერ განვითარდება და ასევე განვვითარდებით ჩვენ. თუ კი პოლემიკა ჯანსაღად მიმდინარეობს ეს დაგვეხმარება სხვადასხვა კუთხით აღქმა ვისწავლოთ სიტუაციის.

შესაბამისად კონფლიქტ როგორც უარყოფითი ისე დადებითი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი ვალია ის ჩვენს ყოველდღიურობად არ ვაქციოთ და მისი მართვა ვისწავლოთ რომელიც ცხოვრების განმავლობაში უამრავი სირთულის გადალახვის ხერხად იქცევა, ჩვენ კი ჩამოვყალიბდებით როგორც ძლიერი და გონიერი ადამიანი შეიძლება დავახასიათოთ. ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია მშვიდობის დამყარება. ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩემი, ერთი ადამიანის, ან შენი ვალი. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ ის რისი გაკეთებაც სამწუხაროდ შეუძლებელია. მხოლოდ მე, ერთ ადამიანს არ შემიძლია შემცვალო მსოფლიო, როგორც შენ ვერ დაგავალებ რომ გააკეთო იგივე, მაგრამ მე, შენ და ყველა ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანი ამას შევძლებთ. მშვიდობა არ იწყება მხოლოდ ჩემით, ის არ იწყება მხოლოდ შენით, ის ჩვენით იწყება. ჩვენი ერთად დგომითა და ძალისხმევით, ვეცადოთ და ერთად ჩევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

           

 

 

                               ანა კახაძე მე-9 კლასის მოსწავლე


 

                       





                


Saturday, December 17, 2022

სარეკომენდაციო წერილები

 

                                             სარეკომენდაციო წერილი

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარგალიტა კახაძე აქტიურად იყო ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა-განხორციელების პროცესში. პედაგოგი გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, შემოქმედებითობით,  სიახლისადმი ინტერესით. დაკვირვებით, საკუთარი მოსწავლეების ცოდნისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არჩევდა ან დამოუკიდებლად გეგმავდა თემატურ ერთეულს კომპლექსური დავალებების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ყოველი ვიზიტის დროს  ნაყოფიერად თანამშრომლობდა როგორც ჩემთან, ისე კათედრის წევრებთან. ზოგადად, სამასწავლებლოში შეინიშნებოდა კეთილგანწყობილი და ურთიერთგანვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება კოლეგებს შორის, მარგალიტა კახაძე კი ხშირად უზიარებდა სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს სასწავლო პროცესის კომპლექსური დავალებებით წარმართვასთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებას.

2021-2022 სასწავლო წლის ოქტომბერში ვესწრებოდი მის მიერ დაგეგმილი კომპლექსური დავალების (ნოველის შექმნა დ. გურამიშვილის ბიოგრაფიისა და ,,დავითიანის“ ფრაგმენტის მიხედვით) ერთ-ერთ ნაბიჯს. მასწავლებელი კეთილგანწყობილ გარემოს ქმნიდა კლასში, დამაზუსტებელი კითხვებისა და წამახალისებელი განმავითარებელი კომენტარების საშუალებით ხელს უწყობდა მოსწავლეთა აქტიურობას, ეხმარებოდა დავალების მოთხოვნებისა და ახალი საკითხების გაგება-გაცნობიერებაში, ნაყოფიერად  იყენებდა მოსწავლეთა წინარე ცოდნას. საგაკვეთილო დასწრების წინარე თუ შემდგომ შეხვედრებზე ავლენდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპების ცოდნას, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დავალების პირობის  შედგენას, რათა თითოეული მოსწავლისთვის ნათელი ყოფილიყო საბოლოო ნამუშევრის არსი. კეთილგანწყობით იღებდა რეკომენდაციებს, იზიარებდა რჩევებს. ჩემთან ერთად განიხილავდა დაგეგმილ აქტივობებს, მსჯელობდა მოსალოდნელ შედეგზე, აანალიზებდა განხორციელებულ სამუშაოს, დასკვნებს ითვალისწინებდა შემდგომი დავალების დაგეგმვისას.

მასწავლებელმა, სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციისა და ახალი სკოლის მოდელის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, შეადგინა სასკოლო სასწავლო გეგმა.

ვფიქრობ, მარგალიტა კახაძე უწყვეტ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელია, რომელიც მაღალმთიანი სოფლის სკოლის მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას აძლევს, სიახლეებსა და შემოქმედებით მიდგომებს ნერგავს. მასთან მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერია.

 

პატივისცემით,

ილონა აკობია

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ქოუჩი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით

595 01 52 26

eli.akobia@gmail.com


https://drive.google.com/file/d/1q0iMsZ_d4iQ9senYqXAhVOW38uBhVspn/view?usp=share_link


Tuesday, December 13, 2022

სასწავლო ჯგუფთან შეხვედრის რეფლექსია

 

სკოლის ბაზაზე არსებულ სასწავლო ჯგუფთან შეხვედრის  რეფლექსია

  მოგეხსენებათ რომ   ჩვენი სკოლა ჩართულია   USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერ მასწავლებელთ ტრენინგები. პროგრამის ძირითადი მიზანია მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია ჩვენი სკოლაც.

   პირველ რიგში დაგვევალა სასწავლო ჯგუფის შექმნა , რათა ტრენიგკურსებიდან მიღებული სიახლეები გაგვეზიარებინა მათთვის.  ლიდერი მასწავლებელი ხომ ყოველთვის აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან , უზიარებდეს მათ ცოდნას და  ეხმარებოდეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვაში.ვინაიდანაც ჩვენი სკოლა მცირე კონტინგენტიანია   შეიქმნა ერთი  ჯგუფი. წინა საორიენტაციო შეხვედრებზე ჩვენ უკვე გავაცანით

ა) USAID - საბაზისო განათლების პროგრამის მიზნები და ამოცანები;

ბ)მასწავლებელთა სასწავლო კგუფის სამუშაო გეგმა  და  ფორმატი;

გ)ლიდერი მასწავლებლის და ჯგუფის წევრი მასწავლებლების როლი;

დ) შეხვედრაზე დასამუშავებელი თემები

 ჩვენი ამჟამინდელი შეხვედრა საპრეზენტაციო იყო. თემა შეეხებოდა ინკლუზიურ განათლებას.    აღნიშნული საკითხი ჩემთვისაც საინტერესო იყო .  ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ კოლეგებსაც გავუზიარებდი.  ჩემი პრეზენტაციის მიზანი იყო  წარმომეჩინა , რომ ინკლუზიური განათლება  არის საგანმანათლებლო იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა  უზრუნველყოფს  ხარისხიან განათლებას ყველასათვის, ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში თანატოლებთან ერთად, იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლები გააჩნიათ.

    შეხვედრაზე მოხდა აზრთა გაცვლა- გამოცვლა . აღნიშნული საკითხი კოლეგებისათვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

                                                                                                             კახაძე მარგალიტა

 

                                                                                              6. 10.2021წელი




















სასწავლო პროექტი,, ჩემი უფლებები" გეგმა, რეფლექსია, ფოტო მასალა

 

                   სასწავლო პროექტი

პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მარგალიტა კახაძე

სკოლა:სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის , სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა

თემის დასახელება:,, ჩემი უფლებები’’

კლასი: მე -9

განხორციელების დროის ჩარჩო : ორი კვირა 7.11. 2022-18.11 2022

აზროვნების ზედა დონის  უნარები: ინფორმაციის მოძიება, თანამშრომლობა, დაგეგმვა,  ორგანიზება , კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.

პრობლემა ანალიზი

  მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შევისწავლეთ ანა კორძაია- სამადაშვილის მოთხრობა ,, გიმნაზისტკა’’. ტექსტის ანალიზის დროს აღმოჩნდა , რომ ზოგიერთ მოსწავლეს მეტ-ნაკლებად ჰქონდა გააზრებული საკუთარი უფლებები და მოვალეობები. ამიტომაც გადავწყვიტე დამეგეგმა პროექტი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებს გაუღრმავებდა ცოდნას.

  გარდა ამისა სასწავლო პროცესი  მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. მოსწავლეთა განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კლასგარეშე აქტივობებიც. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებში უფრო ხალისით ერთვებიან.

მიზანი:

  მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ მას აქვს გარკვეული უფლებები, სახელმწიფო და საზოგადოება კი ვალდებულია  დაიცვას ეს უფლებები.

პროექტის მდგრადობა:

    პროექტი მდგრადია რადგან, მიუხედავად იმისა  რომ, სახელმწიფო   იცავს ბავშვთა  უფლებს  გარკვეულ შემთხვევებში მაინც ირღვევა .  აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა საზოგადოების ინფორმირებულობა და ცოდნის დონის ამაღლება.

 მასწავლებლის ვალია  აღზარდოს  მოსწავლე ღირსეულ შვილად და მოქალაქედ,  დაეხმაროს აღსაზრდელებს რათა იყვნენ  კომუნიკაბელური, დამხმარენი,  და გულკეთილნი, რათა შეძლონ  ერთმანეთის გაგება და პატიება.

 

 

თემის შინაარსი :

პროექტის საწყის ეტაპზე  ვიკრიბებით,   ვუყურებთ ანიმაციას ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით და  განვსაზღვრავთ შემდეგ ეტაპებს . მოვიძევთ დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბავშვთა უფლებების კონვენციიდან გავეცნობით რამოდენიმე მუხლს  და ვიმსჯელებთ ხომ არ აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში და რატომ  სჭირდება კონკრეტული უფლების  ცოდნა ბავშვეს. დაამზადებენ ფლაერს და სურვილისამებრ  გაუზიარებენ მეგობრებს .

 

 

 

 

მოსალოდნელი შედეგი:

 პროექტის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ. გაუმიდრდებათ ლექსიკური მარაგი.გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი. კარგად გაიაზრებენ საკუთარს და სხვის უფლებებსაც პატვს სცემენ. ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა კი ჯანსაღი მომავლის საწინდარია.დაამზადებენ ფლაერებს.

 

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,  ფლიფჩარტის ქაღალდები, მარკერები, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა:

Ø  პირველი შეკრება, ანიმაციების ყურება და შემდეგი ეტაპების დაგეგმვა

7.11.2022

https://www.youtube.com/watch?v=8pVdmQebLAU

https://www.youtube.com/watch?v=gOXEBfVJvvY

 

Ø  ინფორმაციის მოძიება  ინტერნეტ სივრცეში , მოძიებული  ინფორმაციის შენახვა , დახარისხება , დამუშავება- ერთი კვირა

შეუძლიათ დაიხმარონ  შემდეგი ბმული

                         https://uni.cf/3dq4Xj5

 

Ø  თამაში: პატარა ბარათებზე დაწერილი იქნება  ბავშვთა უფლებების მუხლებიდან საწყისი ფრაზები , ერთ-ერთი მოსწავლე იღებს ბარათს  თუ შეძლებს დაასრულებს და თან ისაუბრებს რა შემთხვევასი გამოადგება აღნიშნული უფლების ცოდნა.15.11.2022

 

Ø  ფლაერის მომზადება ,დაბეჭდვა და დარიგება.  კედლის გაზეთის გაკეთება; 18.11. 2022

სარგებელი სხვებისთვის: მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა, ხოლო მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვებს. ასეთი ქმედებით მოსწავლეები სხვა მოსწავლეებს მისცემენ მოტივაციას რათა თვითონაც დაგეგმონ და განახორციელონ სხვსდასხვა სახის პროექტი.

სარგებელი კოლეგებისათვის: მსგავსი პროექტი წარმატებით შეიძლება განახორციელოს ნებისმიერი საგნის პედაგოგმა, რადგანაც  ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა , განათლების მიცემასთან ერთად, სკოლის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

 

ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

 

მოქ.საბ.3.საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;

 

 

 

 

 

 

 

პროექტზე გამოყენებული შეფასების რუბრიკები

 

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი

 

დაკვირვების საგანი

კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.

 

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია.

 

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი.

 

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათს მოსწრებაზე (თუ კი, მივუთითებ კონკრეტულ მაგალითებს).

 

 

 

 

 

            მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი

პროექტის დასახელება:

პროექტზე მუშაობის ვადები:

 

 

ძვირფასო მოსწავლეებო

იმისთვის რომ, მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.

1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?

ა) ბევრი რამ მასწავლა;

ბ) მასწავლა;

გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;

დ) ახალი არაფერი მისწავლია. 

 

2.  ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?

 ა) სავსებით ნათელი იყო;

ბ) ძირითადად ნათელი იყო;

გ) არც ისე ნათელი იყო;

დ) სრულიად გაურკვეველი იყო. 

 

3. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".

ა) სავსებით ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

 

4. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".

ა) სავსებით ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

 გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები. 

 

5.  "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".

ა) სავსებით ვეთანხმები;

ბ) ვეთანხმები;

გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;

დ) არ ვეთანხმები.

 

6. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?

ქება:----------------------------------------------------------------------------

კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------

დიდი მადლობა დახმარებისთვის .

 

სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მარგალიტა კახაძის სასწავლო პროექტის

                                                    რეფლექსია

 

პროექტი:,, ჩემი უფლებები’’

პროექტის განხორციელების დრო:  7. 11.2022-18.11.2022

 პროექტის მიზანი: მოსწავლეებიმა გაიღრმავონ ცოდნა საკუთარი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ.

   დიმიტრი უზნაძე გვასწავლის: ,,სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე  ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ-განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“ . მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე დაეუფლოს და განუვითარდეს ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებულს გახდის. პროექტებით სწავლება, წორედ ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება  მოსწავლეებს.ხოლო სასწავლო  პროცესის  საინტერესოდ  წარმართვისათვის  ეფექტური და მნიშვნელოვანია  პროექტებით სწავლება.

   პროექტის განხორციელების იდეა  ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობის ანალიზის დროს გამიჩნდა. იდეა ბავშვებს გავუზიარა და დავგეგმეთ შემდეგი ეტაპები. პროექტის გეგმა გავაცანი სამოქალაქო განათლების პედაგოგს. იდეა მოეწონა და შემომთავაზა შემდეგში ერთადაც დაგვეგეგმა პროექტი. აღნიშნული იდეა მეც მომეწონა,რადგანაც საგანთა შორის ინტეგრირება უფრო მეტ ცოდნას მისცემს მოსწავლეებს.

 აღნიშნულმა  სასწავლო პროექტმა  გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება  და წარმოაჩინა  მათი უნარები: აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა,  შემოქმედებითობა. პროექტის საწყის ეტაპზე ვუყურეთ ანიმაციებს. შემდეგი შეხვედრისათვის უნდა მოეძიათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ და გაცნობოდენ მუხლებს.

  შემდეგ შეხვედრაზე ერთგვარი სახალისო თამაში მოვიფიქრეთ რათა ხალისით დაესწავლათ რამოდენიმე მუხლი.  კონკრეტულად : წინასწარ გავამზადე ბარათები სადაც ეწერა დასაწყისი ფრაზა რომელიმე მუხლიდან, რომელი ბავშვიც აიღებდა ბარათს უნდა დაესრულებინა თუ მოახერხებდა და თან უნდა აეხსნა ბავშვებისათვის თუ რატომ უნდა იცოდნენ აღნიშნული უფლაება.

შემდეგ შეხვედრაზე გააკეთებდნენ კედლის გაზეთს და  საბოლოოდ კი უნდა დაემზადებინათ ფლეიერი რომელზეც იქნებოდა ერთ-ერთი უფლება დაფიქსირებული და გადასცემდნენ მათთვის სასურველ ადამიანს.

 განსაკუთრებით მოეწონათ მოსწავლეებს  აღნიშნული პროექტი. პროექტზე მუშაობისას შეიძინეს ის უნარ-ჩვევები, რომლითაც შეძლებენ  ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას.

 პროექტი განვახორციელე  გეგმის შესაბამისად და არ  შემიტანია მასში ცვლილებები.

 პროექტის დასასრულს მოვახდინე  შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით. შევაფასე თითოეული მოსწავლის  ჩართულობა პროექტის მსვლელობის პროცესში, ხოლო თვითშეფასების კითხვარი დაეხმარა მოსწავლეებს  საკუთარი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში . ეს მათ გამოადგებათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც, ხოლო მე როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე, მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობაში.